სერიული დამნაშავე თუ რიტუალური მკვლელობა? - ბავშვის გატაცების და მკვლელობის დღემდე დაუდგენელი მოტივი

loading...
image
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს. როგორც გაირკვა, პოლიციელმა ბავშვი საკუთარი კორპუსის ეზოდან გაიტაცა და გადამალვის მიზნით გარდაბნის რაიონის სოფელ მუხრანთელეთის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა.

დაკარგვიდან ერთ საათში გამტაცებელი ბავშვის მამას ტელეფონით დაუკავშირდა და გამოსასყიდი თანხა - 10.000 დოლარი მოითხოვა, თან გააფრთხილა, რომ სამართალდამცავებს ინფორმაციას თუ მიაწვდიდა, შვილს ცოცხალს ვეღარ ნახავდა. მუქარის მიუხედავად, ოჯახის წევრებმა მისი მოთხოვნა არ შეასრულეს, რის შემდეგაც გამტაცებელმა ბავშვი სასტიკად აწამა და მოკლა, გვამის მოშორება კი თავის 17 წლის ვაჟს, კახას დაავალა.

ჯემალ სამადაშვილი იმავე ღამეს დააკავეს. სასამართლომ გატაცებისა და სასტიკი მკვლელობის ჩადენისთვის პოლიციელს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა,- არასრულწლოვან კახა სამადაშვილს კი მძევლად ხელში ჩაგდებისა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. აღშფოთებული მეზობლები და ახლობლები სამადაშვილის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ.

ბიჭის მშობლებისთვის დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლეს მათი ერთადერთი შვილი. ოფიციალური ვერსიით, ბავშვი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, მაგრამ რეალურად მკვლელობის მოტივს პასუხი ვერ გაეცა.

43 წლის ჯემალ სამადაშვილისა და მისი მსხვერპლის ოჯახი გვერდიგვერდ სადარბაზოში ცხოვრობდნენ. იმ პერიოდში სამადაშვილი მეცნიერებათა აკადემიის დაცვის თანამშრომელი იყო. მკვლელობის მოტივად ანგარიშსწორება გამოირიცხა, ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვის გატაცებაც თითქმის დაუჯერებელი ვერსია იყო, რადგან ბიჭის მშობლები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. გამოძიებამ სხვა ორ ვერსიაზეც იმუშავა, კერძოდ, სამადაშვილი მანიაკი იყო ან ბავშვის მკვლელობა რიტუალური მოტივით მოხდა.

ჯემალ სამადაშვილი ყველა დაკითხვაზე მომხდარს სხვადასხვანაირად აღწერდა, დაკავებისას განაცხადა:
"ჩავედი ეზოში, მანქანა გავაჩერე და ბავშვს ვუთხარი, გაგასეირნებ-მეთქი. წავედით სოფელში. იქ ვაპირებდი, რომ დამება და მერე ოჯახისთვის რაღაც მომეთხოვა. სოფელში არის დიდი მილი, მიწის ქვეშ, 20 მეტრია. ხელი ვკარი და დავარდა. შეიძლება რაღაც იტკინა. ჩავხტი მეც, ბავშვი თოკით შევბოჭე, რომელიც წინასწარ მქონდა მომარაგებული, პირი ნაჭრებით ავუკარი. მერე გავგზავნე მესიჯი - ჩემთან არის და არ ინერვიულოთ, პოლიციას არ შეატყობინოთ, დაგიკავშირდებით ერთ-ორ დღეში-მეთქი. ბავშვს თოკი რომ მოვხსენი, ძალიან აგრესიული იყო. შემეშინდა და მოვგუდე".

სასამართლო პროცესზე კი სრულიად განსხვავებული ჩვენება მისცა - თითქოს დედასთან უსიამოვნების გამო განერვიულებული იყო, დილით კი ავარია მოუხდა, მანქანა სწრაფად მიატრიალა და გიორგის დააჯახა. მისი თქმით, ვეღარ აზროვნებდა, ბავშვი ბინაში აიყვანა და ცდილობდა, წყლით მოესულიერებინა, მაგრამ უკვე მკვდარი იყო. ამის შემდეგ გადაწყვიტა, გადაემალა. შინ მისი გოგონა იყო და გააფრთხილა, ოთახიდან არ გამოსულიყო. ბავშვი კი ეზოში დიდი ჩემოდნით ჩაიტანა. საბარგულში ჩადო და შვილთან, კახასთან ერთად სოფელში წავიდა. ჩვენების თანახმად, სოფელში მისვლისას, ბავშვის გვამი სათავსოში შეიტანა ისე, რომ არ უწამებია. ამის შემდეგ მან ბავშვის მამას დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვი მასთან იყო და ისევ დაუკავშირდებოდა.

ოპერატიული დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი უფროსი კახა ჩიხლაძე იხსენებს, როგორ გაიხსნა სასტიკი დანაშაული ერთ დღე-ღამეში:
- 8 წელი არ ჰყავდა შვილი, გიორგი ერთადერთი შვილი იყო. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, ალბათ, 10.000 დოლარი ერთად ცხოვრებაში არ ენახათ. მამა წისქვილკომბინატში, დედა კი მისივე სადარბაზოს პირველ სართულზე, პოლიკლინიკაში ექთანად მუშაობდა...

თანხის გარდა, გამტაცებლის ერთ-ერთი მოთხოვნა ის იყო, რომ ოჯახს პოლიციაში არ უნდა განეცხადებინა. ასეთ დროს ძალიან ფრთხილად უნდა იმუშაო, რადგან მძევლის სიცოცხლეა მთავარი. სამწუხაროდ, გაჟონა ინფორმაციამ, რომ საქმეში სამართალდამცველები იყვნენ ჩართული... გამტაცებელი იმავე კორპუსში ცხოვრობდა, რომელშიც გატაცებული ბავშვის ოჯახი და ერთ-ერთი მეზობლისთვის სხვათა შორის უკითხავს, როგორ არის გატაცებული ბავშვის საქმეო? როცა შეიტყო, მშობლებმა სამართალდამცველებს მიმართეს, მოუკლავს...

დავადგინეთ, რომ გამტაცებელი ორი ტელეფონით სარგებლობდა. ერთი მათგანით ბავშვის მამას მესიჯი მისწერა, მანამდე კი თავის უფროსს ინკოგნიტოდ უგზავნიდა სადისტურ მესიჯებს ცოლ-შვილზე. მოგვიანებით, ადრესატმა გვითხრა, ისეთი მესიჯები მომდიოდა, თავის მოკვლა მინდოდაო...

მოკლედ, ანძების შესწავლით დავადგინეთ, სად შეიძლებოდა ბავშვი ყოფილიყო, თუმცა არ ვიცოდით, ცოცხალი იყო თუ მკვდარი... დრო არ ითმენდა, გათენებას ვერ დაველოდებოდით, ბავშვის სიცოცხლეს ეხებოდა საქმე. მე და ჩემი თანამშრომელი ავედით სამადაშვილის აგარაკზე. დილის 5 საათია და ვხედავთ, მორბის გამტაცებლის 17 წლის ვაჟი, გაოფლიანებულია და ნერვიულად ლაპარაკობს ტელეფონზე. ბიჭს ვკითხე, რა გჭირს-მეთქი? მიპასუხა, შეყვარებულმა გამანერვიულაო. ავუხსენით, რომ პოლიციელები ვიყავით, თითქოს დამნაშავე გაგვექცა და ნებართვა ვთხოვეთ, მათი ეზოს გავლით სხვა მხარეს გადავსულიყავით. გავლისას მათ სახლშიც შევიხედეთ და თვალში მომხვდა, მოხუცი ქალი (გამტაცებლის დედა) სახეს იხოკავდა. წარმოიდგინეთ, დილის 5 საათია, ყველას ღვიძავს და ჩაცმულია. ამ გარემოებამ ეჭვი გაგვიძლიერა...

შემდეგ ფონიჭალაში, სამადაშვილის ბინაში მივედით, სადაც ჩვენი ყურადღება მიიქცია ახალმოწმენდილმა იატაკმა. სველი ჩვარი ექსპერტიზაზე წავიღეთ და გავაგრძელეთ მუშაობა. მთავარი იყო იმ ტელეფონის პოვნა, რომლითაც დამნაშავე მესიჯებს გზავნიდა. დილისთვის დადგინდა ადგილსამყოფელი - ტელეფონს სამადაშვილის მეგობრის სახლში მივაკვლიეთ. სავარაუდოდ, წინასწარ გათვალა - ნივთმტკიცების აღმოჩენის შემთხვევაში დანაშაული მის თანამშრომელს უნდა დაჰბრალებოდა. ისიც დავაკავეთ, თუმცა საბოლოოდ მისი უდანაშაულობა დამტკიცდა და გავუშვით. როცა ვუთხარით, თავისუფალი ხარო, არ სჯეროდა, ბედნიერებისგან ლამის ხელში ჩაგვაკვდა.

ამასობაში 17 წლის კახა სამადაშვილმაც აღიარა, ბავშვის გვამი მამაჩემის დავალებით გადავაგდე ხევშიო (აგარაკის მიდამოების დათვალიერების დროს ჩვენ რომ შეგვხვდა განერვიულებული, მაშინ). ხევში გვამის ძებნა დავიწყეთ. ერთმა თანამშრომელმა დაიძახა, აქ რაღაც ლურჯი პარკიაო.- არ დამავიწყდება ის მომენტი, როცა პარკი გავხსენით და... კინაღამ გონება დავკარგე.

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იატაკის ჩვარზე - ამ ბავშვის გარდა, სამი სხვა ადამიანის სისხლიც აღმოჩნდა, რომლებიც ოჯახის არც ერთი წევრისას არ დაემთხვა. გაგვიჩნდა ეჭვი, რომ სერიულ მკვლელთან გვქონდა საქმე. დავიწყეთ მოკვლევა, მაგრამ სისხლის პატრონები ვერ ვიპოვეთ...

მკვლელმა დანაშაული კი აღიარა, მაგრამ მოტივი ცოცხალი თავით არ თქვა. ფაქტია, ანგარიშსწორება არ იყო, გამტაცებელს არც თანხის მიღების იმედი უნდა ჰქონოდა, ფული შირმა იყო. ბრალდებულს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და მას ფსიქიკური პრობლემები არ აღმოაჩნდა. ერთადერთი მოტივი, რაც მეზობლებმა გაახმოვანეს, ის იყო, რომ თითქოს სამადაშვილი საეჭვო სექტის წევრი გახლდათ და არ გამორიცხავდნენ, რომ საქმე რიტუალურ მკვლელობას უკავშირდებოდა. სამადაშვილების ოჯახს მეზობლები კარჩაკეტილ, უცნაურ ადამიანებად ახასიათებდნენ. ამბობდნენ, რომ შვილებს მამის ძალიან ეშინოდათ. სამადაშვილის მამას კი (რომელიც მაღალი წოდების პოლიციელი ყოფილა) სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებია. ვარაუდობდნენ, რომ პოლიციელმა მამამ ისეთი რამ შეიტყო შვილზე, თვითმკვლელობამდე მივიდაო. მეზობლები იხსენებენ, როგორ აიძულა ჯემალ სამადაშვილმა თავისი ვაჟი, ლეკვი ცოცხლად დაეწვა და ცხოველის აგონიისთვის თვალმოუშორებლად ეყურებინა.

ნანა ფიცხელაური

KVIRISPALITRA.GE

loading...


vivus.ge
1069
16-12-2016, 14:59

კომენტარის დამატება