ჯგუფური გაუპატიურება რუსთავში და დღემდე გაუხსნელი სასტიკი დანაშაული

loading...
image
„საუკუნის სისხლიანი კვალი“ – ამ სახელწოდებით მოიხსენიებენ 1980 წელს რუსთავში ჩადენილ საზარელ დანაშაულს. ჯგუფური გაუპატიურება და წამება, ეს დ. გ.-ის მიმართ განხორციელებული დანაშაულებების არასრული ჩამონათვალია.

რატომ 2015 წელი და რატომ 35 წლის წინათ მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალების ძიება? – ინსპირაციის წყარო, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები გახლავთ“. სცენარი, სადაც წარჩინებული ოჯახის შვილები, ახალგაზრდა გოგონას აუპატიურებენ და თან სასტიკად აწამებენ, ნაცნობია. ვინც რუსთავში მომხდარი ეს საზარელი ისტორია იცის, მათ მაშინვე გაავლეს პარალელი სერიალთან. თუმცა, თავად სცენარის ავტორი ასეთ მსგავსებას უარყოფს. ქეთი დევდარიანის თქმით, ნებისმიერი დამთხვევა შემთხვევითია და საწყისად საბჭოთა რეალობა და ქართული საზოგადოებაა აღებული.

ქეთი დევდარიანი:
– ბუნებრივია, სერიალის სცენარს პირდაპირი კავშირი არ აქვს რუსთავში მომხდარ ფაქტთან, ეს ამბავი მეც პოსტფაქტუმ გავიგე, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ სტატუსი გამოაქვეყნა. თუმცა, სერიალში ქართული რეალობაა ასახული.

სერიალს, ჟურნალისტ ნათია კობერიძის სტატუსი მოჰყვა, სადაც ის რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობას იხსენებს და სერიალთან პარალელს ავლებს.

ნათია კობერიძე:
– დაახლოებით 1980 წელს რუსთავში 21 წლის დ. გ. გააუპატიურეს და მოკლეს მაშინდელი ქალაქის „ელიტის“ შვილებმა. ამ ადამიანების სახელები მთელმა ქალაქმა იცოდა. მაშინაც ჭორაობდნენ ობოლი დ.გ.-ის სითამამეზე, რომელმაც გაბედა და ჯინსებში ჩაცმული, მარტო აღმოჩნდა უცხო ბიჭებთან. დედაჩემი თავგამოდებით იცავდა იმ დ.გ.-ს. ეს ამბავი ჩემი ბავშვობის კოშმარად იქცა, რადგან დიდხანს მეშინოდა, ისე ღრმად განიცდიდა დედაჩემი“.

საბჭოთა ცენზურა, ბუნებრივია, ვერ შემოგვინახავდა 1980 წელს, მკვლელობის ცხელ კვალზე დაწერილ მასალებს, რადგან მაშინ – გაუპატიურების მაჩვენებელი იყო 0. ასე რომ, ძიების შედეგად 1990 წლის მასალას მივაგენით, გაზეთები „საქართველო“ და „თბილისი“ გაუხსნელი ჯგუფური გაუპატიურების შესახებ წერდნენ. სტატიები „არიადნეს ძაფის ძიებაში“ და „შეჩერებული მე“ შთამბეჭდავი სათაურებით ჩვენ ყურადღებას იქცევენ. საზარელი დანაშაულის ზუსტი ქრონოლოგია, ეჭვმიტანილები და შექმნილი გარემოებები ზედმიწევნითი სიზუსტითაა აღწერილი.

როგორც ირკვევა, 1980 წლის 30 იანვარს, ქ. რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, დილის 8 საათსა და 20 წუთზე, მე-9 საშუალო სკოლის სპორტდარბაზის კედელთან, შეამჩნიეს, რომ ახალგაზრდა გოგონა იწვა. იგი სასტიკად იყო ნაწამები.
სახლში, სადაც დ.გ. ცხოვრობდა მოგვიანებით სალონი გაიხსნა. ჩვენ იმ ქალს მივაგენით, ვისაც სახლი დაქირავებული ჰქონდა.

სტილისტი (ნ.მ.):
– ეს ამბავი ქალაქში თითქმის ყველამ იცის. მე, პირადად, არ მქონია შეხება მის ოჯახთან, რადგან ქალაქში გვიან გადმოვედი საცხოვრებლად, მაგრამ, როგორც გავიგე, სალონი სწორედ იმ სახლში მქონდა გახსნილი, სადაც თავის დროზე დ.გ. ცხოვრობდა.

დ.გ.-ს სახლი დიდი ხნის წინ გაიყიდა, ახლა დაკეტილია. ეს ისტორია ჩვენთან ძველმა მეზობლებმა გაიხსენეს.
სერგო ბიძია, რომელსაც უბანში მეთევზის სახელით იცნობენ, დ.გ.-ის ოჯახის დიდი ხნის მეგობარია. მისი თქმით, დ. გ. მამიდამ იშვილა და ის ზრდიდა. მამა იმ დროს ცოცხალი ჰყავდა, დედა კი, გარდაცვლილი.

სერგო ძია (მეთევზე):
– კარგი ბავშვი, მშვენიერი გოგონა იყო. მისი გაუპატიურება ვერავის დაუმტკიცეს. ოჯახმა, ბუნებრივია, უჩივლა, იბრძოდნენ სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ სამართალს ვერ მიაღწიეს. შემდეგ ეს ბინა გაიყიდა და სხვები გადმოვიდნენ.

რუსთავის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომელიც ახლა თხილს ყიდის, ეჭვმიტანილებს იხსენებს. სწორედ მისგან გავიგეთ, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილებიდან ერთ-ერთი გარდაცვლილია. დანარჩენი ორი, საქმის მიხედვით, ვინმე ორ-ძე და ამ-ძე კი ცოცხლები არიან.

სკოლა, სადაც გოგონა იპოვეს ბალანჩივაძის ქუჩაზე მდებარეობს. ახლა ამ ამბავს ყველა სხვადასხვაგვარად იხსენებს. ზოგი დარწმუნებულია, რომ ნაწამები გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იპოვეს. სხვები ამბობენ, რომ გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.
სამედიცინო დასკვნა ცხედრის აღწერილობას ასე წარმოგვიჩენს:
(ტ.1. ს.ფ.89) 1. თავის ქალის სარქველის, ქალის ფუძის და ქვედაყბის ძვლების მოტეხილობა. სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალის არეში. მიეკუთვნება მძიმე, სიცოცხისათვის საშიშ დაზიანებას.
2. იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე ორი ნაჩხვლეტი ჭრილობა და ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ნაჩხვლეტი ჭრილობა.
3. საშოდან აღებულ ნაცხში აღმოჩნდა მრავლობითი სპერმატოზოიდები, რაც ჯგუფურ გაუპატიურებაზე მიგვანიშნებს.
4. საქალწულო აპკის მთლიანობა დარღვეულია.
5. კიდურების ძვლების მოტეხილობა.
6. უკანატანში სისხლნაჟღენთები განვითარებულია ბლაგვი საგნის მოქმედებით. შესაძლებელია გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დროს.

მიუხედავად ასეთი სიმძიმის დანაშაულისა არავინ დასჯილა. როგორც ქალაქის მაცხოვრებლები ამტკიცებენ, ისინი „ბობოლა“ ოჯახის შვილები იყვნენ და სწორედ ამან გადაარჩინა ციხის კედლებში მოხვედრას.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თავდაპირველად, კვალის დაფარვის მიზნით, დანაშაული სკოლასთან ახლოს მდებარე მატარებლის ლიანდაგებზე განთავსებულ ვაგონებში მცხოვრებ პირებს დაბრალდათ და ეჭვმიტანილებადაც სწორედ ისინი გამოცხადდნენ, ნამდვილი დამნაშავეების სახელები და გვარები კი გამოძიებაში არ ფიგურირება. ესენი გახლდათ ორ-ძე, ამ-ძე, წი-ლი, ბუ-ლი.

სკოლის დარაჯი:
– სკოლის ეზოში იპოვეს, მგონი მეეზოვეს უპოვია. დაქალი ჰყავდა ლია, ვისთანაც დადიოდა, სამეცადინოდ. მე ახალი დანიშნული ვარ სკოლაში. თუმცა, როგორც გამიგია ეჭვმიტანილები ცნობილი ადამიანების შვილები იყვნენ. ექიმის, პროკურორის და ასე შემდეგ. დ.გ. ძალიან კარგი გოგო იყო, კარგად სწავლობდა, ყველას უყვარდა. ესენი იყვნენ ბობოლა ხალხის შვილები.

როგორც დარაჯის ნაამბობიდან ირკევა, დ.გ. მეგობართან ყოველდღე დადიოდა სამეცადინოდ, რადგან აბიტურიენტი იყო და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა. მისი მარშრუტი განსაზღვრული იყო. მას ყოველდღე აცილებდნენ ოჯახის წევრები, ის დღე გამონაკლისი იყო – 30 იანვარს ის სახლიდან მარტო გამოვიდა.

სკოლის მასწავლებელი, რომელიც ერთ-ერთ ეჭვმიტანილს იცნობდა, ყვება:

– როგორც თქვეს, რკინიგზასთან ცარიელი ვაგონები იყო, იმ ვაგონში შეათრიეს. იქ რომ გააუპატიურეს ოთხივემ, მერე მკვდარი დააგდეს სკოლის ეზოში. ისეთი უზრდელი რამეები ჩაიდინეს, ისეთი ბინძური რამეები გაკეთეს, თევზის ნაჭამებიო, ნაგავი ჩააყარეს შიგ, ბლაგვი საგანიც იხმარეს გაუპატიურებისას, ასეთი შურისძიება საიდან, თუ წინასწარ განზრახული არ იყო?

სკოლის მასწავლებელი, დ.გ-ის მეგობარ ლიასაც იხსენებს, ამბობს, რომ მის შესახებ დიდი ხანია არაფერი სმენია.

მასწავლებელი:
– ლია არ ვიცი, მაგის დედაც და მამაც გარდაიცვალა, ეგ გოგო თბილისში თუ სადღაც გათხოვდა. დიდი ხანია არაფერი მსმენია.

იგი 30 იანვრის დილასაც იხსენებს და ეჭვმიტანილების ვინაობასაც გვისახელებს.

მასწავლებელი:
– დილით რვას აკლდა ათი წუთი, როცა ჩვენ სახლიდან გავედით, არაფერი არ ვიცოდით, თურმე უკვე მკვდარი იყო. მერე თქვეს, რომ მეეზოვე გვიდა და გადააწყდა სხეულს და იმან შეყარა ხალხი, პოლიცია მოიყვანაო. ეჭვმიტანილ ბუ-ილს ვიცნობდი, პოლიციაში მუშაობდა. ორ-ძე პროკურორის შვილი იყო. აქ აღარ გაჩერდა. ახლა ცოცხალია. თბილისში ცხოვრობს და ოჯახიც ჰყავს. მაგათ ისეთი პატრონები ჰყავდათ, ვინ დაიჭერდა. აქ გამოსაძიებელია, რატომ მაგ ბავშვს. რატომ დილის 6 საათზე, ვინ მიაწოდა მაგათ ეს ინფორმაცია. ეს გოგო, დ.გ. მამიდამ გაზარდა, თვითონ მგონი მა-ძე იყო გვარად.
მამიდა ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ ისე გარდაიცვალა მიზანს ვერ მიაღწია. ამ-ძე სასწავლებლად წავიდა, მაშინ ახალი სკოლადამთავრებული იყო. სამედიცინო დაამთავრა თვითონ მაგ ბიჭმა. კარიერაც გაიკეთა.

„პრაიმტაიმმა“ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ოჯახს მიაგნო. მართალია თავად ბუ-ლი, 15 წლის წინათ გარდაიცვალა, მაგრამ მის ცოლთან გასაუბრება შევძელით.

საკვირველია, მაგრამ მთელ ქალაქში ბუ-ლის ცოლი ერთადერთი ადამიანი გამოდგა, ვინც ამ ამბის შესახებ „არაფერი“ იცოდა. თუმცა, ეს საუბრის დასაწყისში. იგი ბუ-ლს ცოლად 1971 წელს გაჰყვა, საზარელი შემთხვევა კი 1980 წელს მოხდა. ასევე, ნიშანდობლივია, რომ ქალბატონი დაბადებიდან რუსთავის მკვიდრია.

ბუ-ლის (ეჭვმიტანილის) ცოლი:
– მაშინ ჩემი შვილები პატარები იყვნენ… მეუღლე რამდენიმე წელია უკვე გარდაიცვალა. ნამდვილად არ მსმენია მსგავსი ისტორია, 1971 წელს გავყევი ჩემს მეუღლეს. რა ლაპარაკია. სად შუქდება, რა დროს მაგის გაშუქებაა, ჯერ ერთი, და მეორე, აზრზე არა ვარ საერთოდ რა ხდება და როდის რა იყო. აბსოლუტურად არ ვფლობ ინფორმაციას. ჩემს ქმართან მიმართებით მსგავსი ფაქტი არ მახსოვს, არც დაკითხვაზე ყოფილა და არც სახლშიც გვისაუბრია…

თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ქალბატონმა მაინც შეძლო შემთხვევის გახსენება:

ბუ-ლის ცოლი:
– რაღაც ყურმოკრულად მეც ვიცი, რომ მოხდა რაღაც. თუმცა ჩემს ოჯახთან მიმართებით საუბარი არასდროს ყოფილა.

„პრაიმტაიმი“ ზურაბ მატკავას დაუკავშირდა. დ.გ.-ს საქმეს სწორედ ის იძიებდა, ის ახლაც მოქმედი პროკურორია. მისი თქმით, საქმე გაუხსნელი დარჩა, მასალები კი 90-იან წლებში სამოქალაქო ომის დროს დაიწვა.

ზურაბ მატკავა, გამომძიებელი:
– მასალები არ არსებობს, საქმე დამწვარია, განადგურებულია. სხვა საქმეებთან ერთად. საქმე გაუხსნელი დარჩა. მაშინ იყო ასეთი ცნობილი ფაქტი – „შაოსნების“ საქმე, მასთან დაკავშირებით შეიქმნა სამთავრობო კომისია და ეს საქმეები იქნა გამოთხოვილი და მერე, სამოქალაქო ომის დროს, დაიწვა.

რა სამართლებრივი ნორმები მოქმედებს წარსულში ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში და არის თუ არა შესაძლებელი დამნაშავეების დასჯა, ამდენი წლის შემდეგ, ამაზე სასაუბროდ იურისტ ლევან ალაფიშვილს დავუკავშირდით.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი:

– განახლებისთვის გარდა პროცესუალური მტკიცებულებებისა საჭიროა ე.წ. ხანდაზმულობის ვადების დაცვა და ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ ეს ყოფილიყოს ისეთი დანაშაული, რომელზეც არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები, 35 წელია გასული. დანაშაულები, რომლებზეც არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები, არის იმ ტიპის დანაშაულობები, როგორიცაა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულობები, სამშობლოს ღალატი და ამ ტიპის ქმედებები, რომელზეც არ შეიძლება ვრცელდებოდეს ხანდაზმულობის ვადები და მესამე მომენტი, რაც მნიშვნელოვანია, რეალურად, იმ დროს მოქმედი კანონით, რა ვადა და პროცედურები იყო გათვალისწინებული და რა არის დღეს. ეს სამივე ფაქტორი თუ არ იქნება გათვალისწინებული და ერთობლივად განხილული, ძნელია მტკიცებით ფორმაში რაიმეს თქმა. თუმცა ვადა, რომელიც გასულია – 35 წელი, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ შეწყვეტილი საქმის განახლების პერსპექტივა პრაქტიკულად ნულის ტოლია.

წყარო: "Prime Time"

loading...


vivus.ge
2922
8-08-2015, 03:34

კომენტარის დამატება