რატომ ღირს საქართველოში საწვავი ძვირი

loading...
image
”დანაშაული კარტელური გარიგებაა და არა – მაღალი ფასი”ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი მსოფლიოში მინიმუმამდე დაეცა: ივლისის შუა რიცხვებში 1 ბარელი ნავთობი 115 დოლარი ღირდა, დღეს კი ეს ფასი ლამის 100 პროცენტით არის შემცირებული: ნიუ-იორკში 1 ბარელი ნავთობი 57.81 დოლარი ღირს, ხოლო ლონდონში – 61.80 დოლარი. სპეციალისტთა ვარაუდით, შეიძლება მომავალში საწვავი კიდევ უფრო გაიაფდეს. ამ ფონზე გამუდმებით ისმის საყვედური, რომ საწვავის ქართული ბაზარი საერთაშორისო ფასებს მხარს ვერ უბამს, რომ საწვავი ჩვენთან ისევ ძვირია. მარტივ გაანგარიშებას თუ მოვიშველიებთ, ეს საყვედური უსაფუძვლო ნამდვილად არ ჩანს: ე.წ. პლატცის საერთაშორისო ფასი არის 574$, რაც ეროვნულ ვალუტაში 1056 ლარია (1.84 კურსით). ამას ემატება აქციზის გადასახადი – 250 ლარი. ჯამში ვღებულობთ 1306 ლარს. 1 ტონა ბენზინი 1330 ლიტრი მოცულობისაა. თუ 1306 ლარს გავყოფთ 1330 ლიტრზე, მივიღებთ, რომ კომპანიებს 1 ლიტრი საწვავი აქციზის გადასახადთან ერთად 98 თეთრი უჯდებათ. რასაკვირველია, საწვავს ტრანსპორტირება და რეალიზაცია უნდა და ესეც კომპანიის ხარჯია. სანავთობო კომპანიებს ფინანსურ ანგარიშებში მითითებული აქვთ, რომ სატრანსპორტო, სარეალიზაციო, ადმინისტრაციული და ზედნადები ხარჯების ოდენობა 1 ლიტრზე 10 თეთრს შეადგენს. როგორც დავთვალეთ, 1 ლიტრი საწვავი ყველანაირი ხარჯით 1.08 ლარი ჯდება. ამ თანხას ემატება დღგ – 18%, რაც 19.4 თეთრია. საბოლოო ჯამში, ყველანაირი ხარჯის ჩათვლით 1 ლიტრი პრემიუმი კომპანიებს დაახლოებით 1.27 ლარი უჯდებათ და საშუალოდ 2.09 ლარად ჰყიდიან ანუ 80-82-თეთრიანი მოგებით. გამოდის, რომ ეს კომპანიები საწვავს 64%-იანი მოგების მარჟით ჰყიდიან, რაც ჩვენი საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას იწვევს.”ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა, bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობა იძლევა იმის წინაპირობას, რომ ნავთობის ფასი მცირდება.ვანო მთვრალაშვილი: ”ბოლო პერიოდში საწვავის ფასი ლამის ყოველდღიურად მცირდება, საბოლოოდ, ასეთი სურათი მივიღეთ: 14 ნოემბერს ბენზინის ფასი ”პლატცის” მიხედვით 720 დოლარი ღირდა, ნოემბრის ბოლოს კი, ეს ფასი 665 დოლარამდე დაეცა, დეკემბრის დასაწყისში 650 დოლარი ღირდა და ბოლო დღეებში – 574-545 დოლარის ფარგლებში მერყეობს. როდემდე გაგრძელდება ნავთობის ფასის დაცემა? – ამ საკითხზე სხვადასხვა პროგნოზი არსებობს, მაგრამ საკმაოდ კომპეტენტური ანალიტიკური ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ 2015 წელს ნავთობის ფასი სადღაც 60-75 დოლარს შორის იმერყევებს, თუმცა, არ არის გამორიცხული ეს ფასი კიდევ უფრო შემცირდეს და 50 დოლარამდე ჩამოვიდეს, ყოველ შემთხვევაში, 2015 წელს ნავთობზე ფასი რომ არ გაიზრდება, ეს უკვე აშკარაა.ხშირად გვეკითხებიან – მსოფლიოში ნავთობის ფასი ლამის განახევრდა და ჩვენთან რატომ არ იაფდებაო? – საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, რის გამოც გაიაფებული პროდუქტის შემოსვლა ქართულ ბაზარზე თანდათან ხდება. როგორც წესი, ჩვენთან სხვადასხვა ფასში ნაყიდი საწვავი იყიდება. ბოლო დღეებში გაიაფებული პროდუქცია კი, ჯერ ნაყიდიც არა აქვს ვინმეს, არათუ შემოტანილი. ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის გაცვლითი კურსის ცვალებადობაც, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, აგვისტოდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში საწვავის ფასი საშულოდ 25 თეთრით შემცირდა. რაც შეეხება მომავალს, ფასების შემცირება მომავალშიც გაგრძელდება და ეს უდავოა. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ფასები კიდევ შემცირდება, რასაც საახალწლო აქციებიც ხელს შეუწყობს”.”როგორც ვიცი, ეს სეგმენტი კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს და ჩვენც ინტერესით ველოდებით, რა დასკვანას დადებს ეს უწყება” – ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი რამაზ გერლიანი: ”დაუმუშავებელი ნედლი ნავთობის ფასმა ბოლო პერიოდში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, თუმცა საქართველოში ფასების შემცირება ნაკლებად იგრძნობა. ერთადერთი სიახლე, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ის არის, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობის ბიზნესი ერთ-ერთ სფეროდ დაასახელა, რომელიც უნდა შეისწავლონ, რადგან აქ ოლიგოპოლიურ სისტემასთან გვაქვს საქმე. კონკურენციის პირობებში საწვავის ფასი უნდა დაწეულიყო იმაზე მეტად, ვიდრე ახლა ღირს, კომპანიებმა კი, სულ რამდენიმე თეთრით შეამცირეს, რაც არ არის საკმარისი. თუ ნედლი ნავთობის ფასი მთელ მსოფლიოში შემცირდა, ეს ჩვენებურ ფასებსაც ხომ უნდა შეეხოს? – ეს ერთგვარი დილემაა, რომელიც ამდენი ხანია ვერ გადაწყდა”. გერლიანის თქმით, სამართლიანი კონკურენციის პირობებში საწვავის ფასი საქართველოში გაცილებით ნაკლები იქნებოდა: ”ის შემცირება, რაც აქ ხდება, მიზერულია და შუსაბამოა მსოფლიოში არსებულ ტენდენციასთან, მით უმეტეს, რომ ევროპაში სარეალიზაციოდ გამოტანილი საწვავის ხარისხი აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენში არსებული საწვავის ხარისხისაგან – საქართველოს ბაზარზე გაცილებით მდარე ხარისხის საწვავი იყიდება, თანაც აქაური ფასები საკმაოდ მაღალია – ეს არის პარადოქსული მოვლენა, რომელზეც ამდენი ხანია ვლაპარაკობთ. ისიც აშკარაა, რომ კომპანიები ძალიან მაღალი მოგების მარჟაზე მუშაობენ, მაგრამ ეს ყველაფერი კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს. ერთი რამ კი ცხადია: ფასების შემცირების წამალი მთელ მსოფლიოში მხოლოდ კონკურენტული გარემოა, რაც საწვავის ქართულ ბაზარზე ნამდვილად არ ჩანს”.ექსპერტი მაკროეკონომიკის საკითხებში ვაჟა კაპანაძე მიიჩნევს, რომ ყოველგვარ ეჭვს დასაბუთება სჭირდება: ”ლიბერალური ეკონომიკის გადასახედიდან რომ შევაფასოთ, თუ საწვავი იყიდება იმ ფასად, რამდენიც ღირს, რატომ არ უნდა გაიყიდოს? ჩვენ ხომ არ ვკითხულობთ რა უჯდება მანდარინის, ან ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანა, ან შეძენა მის გამყიდველს? – მივდივართ და თუ ფული გვაქვს, ვყიდულობთ. ადამიანს საწვავის ყიდვის შესაძლებლობა რომ არ ჰქონდეს, მანქანას თავის ფარეხში გამოკეტავდა, მაგრამ ბაზარზე არის გადამხდელი და არის ფასიც. ახლა რაც შეეხება მეორე საკითხს – რატომ არის ფასი მაღალი? – აქ უკვე შემოდის მეორე ფაქტორი, რასაც კარტელური გარიგება ჰქვია. საწვავის ბაზარზე რეალური კომერცია რომ იყოს, ფასები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, მაგრამ ვინაიდან ასე არ ხდება, საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომელიც ამ ეტაპზე დაუსაბუთებელია. კარტელური გარიგებები კანონით ისჯება, მაგრამ ეს სერიოზული გამოძიების საგანია და არ შეიძლება ეჭვის საფუძველზე ვილაპარაკოთ. სულ მცირე, ერთი წელი მაინც დასჭირდება, რომ კონკურენციის სააგენტომ დასაბუთებული და სერიოზული დასკვნა დადოს. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლება ახალისებდა მონოპოლიებსა და კარტელურ გარიგებებს და რაც დღეს ხდება, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტენდენციის გაგრძელებაა, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: კანონით ისჯება კარტელური გარიგება და არა – მაღალი ფასი. ამიტომ, ჩვენ ამ კომპანიების კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული: როგორც უნდათ, დააკლებენ ფასს, ან – მოუმატებენ. რომ არ იყოს მოთხოვნა პროდუქციაზე, ისინი ფასს შეამცირებდნენ, მაგრამ არის და რა ვქნათ? მაღალი მარჟები სხვა სფეროებშიც არის, მაგრამ ეჭვის გამო ხომ ვერ დავსჯით ვინმეს? ეჭვის დასაბუთებას მტკიცებულებები სჭირდება – ასეთია რეალობა, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში გვაქვს”.

წყარო : bpn.ge

loading...


vivus.ge
2060
8-07-2015, 05:28

კომენტარის დამატება