უკრაინაში „ნაციონალების“ განდევნის პროცესი დაიწყო

loading...
image
საპროტესტო აქციაზე მიყვანილი წითელჰალსტუხიანი თხა და მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადადგომის თაობაზე - მსგავსი სცენარი საქართველოსთვის ნაცნობია, თუმცა საააკაშვილის გადასაყენებლად ოდესაში საპროტესტო აქციების სეზონი ამჯერად ოდესაში იხსნება.


ოდესის ორგანიზაცია „ანტიმაიდნის“ აქტივისტებმა ერთ-ერთ ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტეს, გამოჩნდა ბანერები, წარწერით - „სააკაშვილი go home“ და „სააკაშვილი - სამხედრო დამნაშავე“.


„ოდესას კარგად ესმის, რომ სააკაშვილს ხელები სისხლით აქვს დასვრილი. ზუსტად მან გასცა ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მშვიდობიან დასახლებაში, იქ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მან წამოიწყო ოსეთში ომი და ახლა მოვიდა ოდესაში, რომ ბრძოლას გზა გაუხსნას დნესტრისპირეთში“, - განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიხეილ კოშელევმა.


მართალია, აქტივისტები აცხადებენ, რომ მათ მშვიდობიან აქციას თავს დაესხნენ შენიღბული დაუდგენელი პირები და პლაკატები ხელიდან გამოსტაცეს, მაგრამ უკრაინაში სააკაშვილისა და მისი ნაციონალების ზენიტის ხანა სრულდება. ამბობენ იმასაც, რომ პრეზიდენტ პოროშ¬ენკოსა და სააკაშვილს შორის შავმა კატამ გაირბინა. ამის დასტურია ისიც, რომ უკრაინაში სულ უფრო პოპულარული გახდა თემა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის- დავით საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.


თუკი გავითვალისწინებთ, რომ რევოლუცია (ამ შემთხვევაში, უკრაინული მაიდანი) თავის შვილებს ჭამს, უნდა ველოდოთ თუ არა მოვლენათა განვითარების კულმინაციას? როგორი იქნება უკრაინაში სააკაშვილის თანამებრძოლების ხვედრი? ამ საკითხებზე For.ge პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.


- სააკაშვილის თავისუფალ მანერებს ოდესაში ადრე თუ გვიან აუცილებლად მოყვებოდა საპროტესტო გამოსვლები. ცუდია, როდესაც საპროტესტო აქციები იმ სოუსით მიმდინარეობს, რომ სააკაშვილმა თურმე ცეცხლი გახსნა ცხინვალში. ეს ჩვენთვისაც და სააკაშვილისთვისაც საკმაოდ ცუდი რაკურსია. ცხინვალში პროვოკაცია დაიგეგმა და, რა თქმა უნდა, სააკაშვილი ამ პროვოკაციას აყვებოდა. ახლა შეგნებულად გააკეთა ეს, თუ არ იცოდა, რაც მოხდებოდა, ეს სხვა საკითხია; მაგრამ საკუთარ ქვეყანაში სააკაშვილს რომც გაეცა ასეთი ბრძანება, ამის იურიდიული უფლება ჰქონდა. რასაკვირველია, არ მივესალმები იმას, რაც ცხინვალში 2008-ში მოხდა. ვთვლი, რომ მთლიანად რუსულმა სცენარმა იმუშავა, მაგრამ დღესდღეობით ოდესელების მიერ ამის წინა პლანზე წამოწევა, ამის აფიშირება და პროტესტის გამოხატვა არაა მისაღები.


როგორც ჩანს, ამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა სურვილია, სააკაშვილის ცოდვები მხოლოდ ცხინვალის რეგიონში მომხდარ კონფლიქტთან გააიგივონ. ნუთუ აქციის მონაწილეებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ სააკაშვილს არაერთი სხვა დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარ სამშობლოში?


- როგორც ჩანს, მათთვის ყველაზე მისაღები სწორედ ცხინვალის თემაა. ამიტომ ჩნდება კითხვის ნიშნები, ვინ არიან ეს ძალები?! თუ ოდესელებს პროტესტის გამოხატვა უნდათ, სააკაშვილმა უამრავი შეცდომა დაუშვა და შეუძლიათ, სხვა რაკურსით გამოხატონ პროტესტი. ბუნებრივია, ოდესაში სხვადასხვა ინტერესებია. არ არის აუცილებელი, ეს იყოს მოსკოვის პირდაპირი დაკვეთა, თუმცა ამ რაკურსით კრიტიკას, ბუნებრივია, სააკაშვილიც და ნაციონალური მოძრაობის წევრებიც გამოიყენებენ. ისინი ისეთ პიარს გაიკეთებენ, რომ რუსეთი სააკაშვილს თურმე არა მარტო საქართველოში, არამედ ოდესაშიც ებრძვის. ეს სააკაშვილის წიქვილზე წყლის დასხმაა, რადგან, რეალურად, თუ სააკაშვილს რაიმე დამსახურება აქვს და ჯერჯერობით მაინც ინარჩუნებს თავის პოლიტიკურ რეიტინგს დასავლეთში, სწორედ რუსეთთან „მებრძოლის, შეუპოვარი რაინდის“ მოტივით აიხსნება. ოდესაში გამართული საპროტესტო აქციებიც სწორედ ამის დასტური გამოდის და ეს სულაც არ არის პროტესტი თავად სააკაშვილის წინააღმდეგ.


საქართველოდან უამრავი გზავნილი გადის უკრაინაში და არა მგონია, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენდეს. უფრო მგონია, რომ საკმაოდ შეგნებულად არის ეს გაკეთებული და, სულო ცოდვილო, ისიც კი მგონია, რომ გარკვეული პროვოცირება ამ აქციას თავად ბატონმა მიხეილმაც გაუკეთა და წააშველა ხელი. ამით გამოდის, სააკაშვილი ყველგან ებრძვის რუსეთს, მას ასეთი იმიჯის შენარჩუნება ჰაერივით სჭირდება, თუკი მას უნდა პოლიტიკაში დარჩენა და ეს რომ უნდა სააკაშვილს, ეს ჩვენ, ყველამ, კარგად ვიცით.


ამბობენ იმასაც, რომ პრეზიდენტ პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება და ფარული ინტრიგებია. ისიც რეალობაა, რომ სააკაშვილი იმავე კურსს გაიმეორებს ოდესაში, რაც საქართველომ გაიარა, ანუ ოდესაშიც იქნება საჩვენებელი რეფორმები -ავტოინსპექციის გადაკეთება პატრულად, ავარიული სახლების ფასადების შეღებვა... თუკი პოროშენკო-სააკაშვილს შორის დაპირისპირება რეალურია, შეიძლება ამის გამოვლინებად ჩაითვალოს ალექსანდრე კვიტაშვილისა და უფრო ადრე, ჯაბა ებანოიძის მიერ პოსტების დატოვება და ქართველი მაღალჩინოსნებისთვის შექმნილი პრობლემები უკრაინაში?


- ვერ გეტყვით, ასე დეტალურად არ ვიცნობ უკრაინულ სიტუაციას პოროშენკოსა და სააკაშვილის ურთიერთობის ჭრილში, მაგრამ პოროშენკოს არავინ ავალდებულებს, არ მოიშოროს სააკაშვილი, თუკი ამას გადაწყვეტს. სააკაშვილი მისთვის დღეს არ წარმოადგენს რაიმე რეალურ ფიგურას. თუ, ვთქვათ, პოროშენკო თავს იზღვევს, რომ ხვალ და ზეგ სააკაშვილი არ იქცეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად უკრაინაში, არა მგონია, ამის შიში ჰქონდეს პოროშენკოს. სააკაშვილი უკრაინაში ვერ გახდება პოროშენკოს კონკურენტი ვერცერთ სფეროში, ეს გამორიცხულია. მისი გადაყვანა ოდესაში და კიევიდან მოშორება ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში, როგორც ჩანს, დაიწყო ქართული სახელისუფლო ნომენკლატურის პოლიტიკური სივრციდან ნელ-ნელა გაყვანის პროცესი.


თავიდან იყო ვერსია, რომ ამერიკას სურდა, მოეშორებინა სააკაშვილი და ეს დესანტი უკრაინისთვის ებოძებინა, მაგრამ უკუსვლის პროცესში, რაც ნაციონალთა წინააღმდეგ დაიწყო უკრაინაში, ვისი ხელი იგრძნობა? ვინ არის ამ სცენარის ავტორი- დასავლეთი, რომელმაც დიდი ღვაწლი გაიღო, რომ პოროშენკოს მრჩევლად მოვლენოდა სააკაშვილი, თუ უკრაინის შიდა წრეები?


- მე მგონი, ეს უფრო კომპლექსური მიდგომაა, რადგან გარკვეული დრო გავიდა, რაც პოროშენკო ხელისუფლებაში მოვიდა. მესმის, მცირე დროა, მაგრამ რეალურად სიტუაცია არ შეცვლილა, ქვეყანა ომის მდგომარეობაშია და, ცხადია, ჩნდება კრიტიკული დამოკიდებულება პოროშენკოსა და მისი ხელისუფლებისადმი. თავიდანვე ქართველების იქ დანიშვნას ვუყურებდი, როგორც პიარს, პოლიტიკურ სვლას, რომ გარკვეულ სიტუაციაში, ნელ-ნელა მათი მოშორებით სიტუაცია გაეკონტროლებინათ. არ ჰქონდათ დიდი იმედი იმისა, რომ, ქართველები იქ რადიკალურ რეფორმებს გაატარებდნენ და სასწაულებს მოახდენდნენ. მე მგონი, ეს პროცესი დაიწყო უკრაინაში და ქართველები, ალბათ, დატოვებენ პოსტებს, გადავლენ მეორე მხარეს. შიდა სიტუაციაც ამაზე მიუთითებს, საკმაოდ ჭრელია უკრაინული პოლიტიკური სპექტრი. იქ არ არის ცალსახა მიდგომები, განსაკუთრებით, პოროშენკოსადმი. ეს კაცი უცებ არსაიდან გამოჩნდა და პრეზიდენტი გახდა. იქ არსებულ პოლიტიკურ ელიტას, ვინც იბრძოდა მაიდანზე და მანამდეც ოპოზიციაში იყო, პოროშენკოს მიმართ მთლად კეთილგანწყობა არ აქვს და არა მგონია, სააკაშვილისადმი ჰქონდეთ ასეთი განწყობა. დასავლეთი თავს არ მოიკლავს იმისთვის, რომ სააკაშვილმა იქ პოსტები დაიკავოს, ეს არ სჭირდება, დასავლეთში ხომ მშვენივრად იციან, რა „რეფორმებიც“ გაატარა სააკაშვილმა საქართველოში.


სააკაშვილი კმაყოფილია, რომ დავით საყვარელიძის ხელმძღვანელობით კიევის პროკურატურა შტურმით აიღეს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შტურმანის - ანუ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმაც დაადასტურა, რომ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას თავად პოროშენკომ შეუშალა ხელი. კერძოდ, სააკაშვილის თქმით, უკრაინელ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს უნდოდათ, საქმე აქეთ აღეძრათ საყვარელიძის წინააღმდეგ და ჩაეფარცხათ თავიანთი დანაშაული, მაგრამ ამას წერტილი თავად პრეზიდენტმა პოროშენკომ დაუსვა. რას ნიშნავს დავით საყვარელიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და რამდენად თანმიმდევრულად ვითარდება მოვლენები უკრაინაში?


- როგორც იუწყებიან, საყვარელიძემ სწრაფი რეაგირება მოითხოვა, მას იმედი ჰქონდა, რომ 200 ათას დოლარს ქრთამის სახით ნახავდა პროკურორის კაბინეტში. თითქოს პოროშენკოს ერთ-ერთმა თანაშემწემ, უშიშროების საბჭოდან, ამის ნება მას დართო, სპეცნაზი მისცეს, კაბინეტი გაჩხრიკეს, თუმცა იქ ვერაფერი ნახეს. ანუ ინფორმაცია, რომელიც საყვარელიძეს მიაწოდეს, როგორც ჩანს, არ იყო სანდო და ეს იყო გენერალური პროკურორის ერთ-ერთი მოადგილის კაბინეტი. იქ რომ რამე აღმოეჩინათ, პროცესები სხვაგვარად წარიმართებოდა, მაგრამ, რადგან ვერაფერი ნახეს, ბუნებრივია, მძაფრი პროტესტი იქნება. ცხადია, პოროშენკოს ახლა არაფრით არ აწყობს საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მით უმეტეს, მისი პასუხისგებაში მიცემა. რა თქმა უნდა, პოროშენკო შეეცდება, ამ პროცესმა პოლიტიკური დატვირთვა არ მიიღოს. ესეც ერთ-ერთი ნიშანია, რომ ხვალ-ზეგ, კვიტაშვილის მსგავსად, საყვარელიძეც დატოვებს პოსტს.


ფაქტია, რომ უკრაინაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს არც სააკაშვილის რჩევები და არც ამ რჩევის შედეგები. სადამდე უნდა გაითვალისწინოს პოროშენკომ სააკაშვილის რჩევები? სადამდე ექნება სააკაშვილის შოუებს ეფექტი? მან ხომ საქართველოს მსგავსი შოუ მოაწყო პროკურორებთან, ავიაციის წარმომადგენლებთან და ისინი კორუფციაში „ამხილა“. ამ იაფფასიანი ტრიუკებით ოდესელი ხალხის გაცურება, ალბთ, შეუძლებელია.


- არა მგონია, პოროშენკო დიდად ითვალისწინებდეს სააკაშვილის რჩევებს. უბრალოდ, მას თავისუფლების გარკვეული ხარისხი მიანიჭა. რაც ცხინვალის რეგიონთან მიმართებით გაკეთდა, სააკაშვილი ამას იქ ვერ გააკეთებს, ამის მექანიზმები მას იქ არ გააჩნია, რომ პროვოკაციაზე წავიდეს. პოროშენკოსთვის ყველაზე ადვილია, თქვას, კაცს ჩავაბარეთ ოლქი და, ვნახოთ, რა მოხდება ხვალ და ზეგ. თუ ოდესაში დაიწყება პერმანენტული გამოსვლები, პოროშენკოს საშუალება ექნება, უმტკივნეულოდ მოიშოროს სააკაშვილი არა მარტო როგორც გუბერნატორი, არამედ საერთოდ, ჩამოაშოროს უკრაინულ პოლიტიკურ პროცესებს. მგონია, რომ სწორედ ამას აკეთებს პოროშენკო და დიდად საჩქარო ეს პროცესი არ არის. რაც შეეხება სააკაშვილის შოუებს, ჯერჯერობით ეს მოქმედებს, რადგან მაინც სიახლეა ოდესელებისა და უკრაინელებისთვის, როცა პირდაპირ ეთერში ვიღაცას ხსნიან, ვიღაცას აპატიმრებენ. გარკვეული დროის შემდეგ ამას ისეთივე ეფექტი ექნება, რაც ჩვენთან ჰქონდა, ანუ 2005-2006 წლიდან ჩვენი მოსახლეობა ამას ცინიკურად უყურებდა.


სავარაუდოდ, სააკაშვილსაც ეცოდინება, რომ მავრს მოიშორებენ და იგი აღარ იქნება მოთხოვნადი, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე იგი პოროშენკოს დაეხმარა, პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ ის დასახელებულიყო და არა - კლიჩკო.


- არა მგონია, მავრს რაც უნდა, ის გამოუვიდეს. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, მავრს-ანუ სააკაშვილს უნდა, მისი პოლიტიკური რენომე იყოს გაძლიერებული და წარმატებული. თუ იგრძნო, რომ საქმე ცუდად მიდის, ალბათ, თავადვე გადადგება რაღაც სხვა მიზეზის გამო; ახლა, ბუნებრივია, იმას არ იტყვის, რომ დამარცხდა და ვერ შეძლო ოდესის ოლქში რეალური რეფორმების განხორციელება.


ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ სააკაშვილსა და მის გუნდს ფინანსურად დაეხმარება. კონკრეტულად, სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე ნათქვამია, რომ კალიფორნიელი პოლიციელები ოდესას პოლიციის ფორმირებაში დაეხმარებიან. სააკაშვილის წონას რამდენად ამყარებს ის, რომ მის გამო შესაძლოა, ფინანსური დახმარება მიიღოს უკრაინამ და ოდესამ? ისევე როგორც, ერთ დროს სააკაშვილმა ევრომაიდნის წარმატებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და გარკვეული აქტივობები კიდეც დააფინანსა?


- არა მგონია, კალიფორნიის პოლიციას იმდენი სახსრები გააჩნდეს, რომ დიდ თანხებზე იყოს საუბარი. აქ უფრო ლაპარაკია პოლიტიკურ მხარდაჭერაზე და სააკაშვილმა ეს ფეისბუკზე იმიტომ გამოაქვეყნა, რომ დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მას შტატები ისევ მხარს უჭერს და სააკაშვილი ისევ ამერიკისა და დასავლეთისთვის ძლიერ პოლიტიკოსად და რეფორმატორად რჩება. ეს უფრო სჭირდება დღეს სააკაშვილს, ვიდრე ის ფინანსები, რასაც ისინი გამოუგზავნიან. მას იმის წარმოჩენაც სურს, თითქოს მთელი დასავლეთი იმას ფიქრობს, რას აკეთებს სააკაშვილი ოდესში.

loading...


vivus.ge
2003
9-07-2015, 00:27

კომენტარის დამატება