სასწაული ქაშუეთის ტაძარში

loading...
image
წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიაში მაცხოვრის ხატი “პირი ღვთისა” სასწაულებრივად აღიბეჭდა მინაზე.

ამ სასწაულის ხილვა ყველა მსურველს შეუძლია. საეკლესიო ისტორიაზე დაყრდნობით, ანჩისხატის, იგივე ,,პირი ღვთისას” ხატს, მეტად საინტერესო ისტორია აქვს.

პირი ღვთისა ,,პირი ღვთისას” შექმნის ისტორია იესოს ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდს უკავშირდება.

იესოს ამქვეყნიური მოღვაწეობის დროს, პირველივე საუკუნეში საეკლესიო ისტორიის მიხედვით ვიცით, რომ ედესის მმართველი გახლდათ ავგაროზი, რომელიც დასნეულებული ყოფილა და მან ჩვენს მაცხოვართან, იესო ქრისტესთან გაგზავნა თავისი წარმომადგენელი, რომელსაც წერილიც გაატანა. წერილში ეწერა, რომ ავგაროზ მეფე დასნეულებული იყო და სთხოვდა მაცხოვარს, განეკურნა იგი.

მაცხოვარმა უარი თქვა ედესაში წასვლაზე. მაშინ ავგაროზმა კარის მხატვარი გაგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა. სურდა, რომ ჰქონოდა იესოს ხატი, რადგან სწამდა, შეხედავდა და განიკურნებოდა.

თუმცა მხატვარმა ვერ შეძლო დაეხატა მაცხოვრის სახე. მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა, დაასველა და სახეზე მიიფარა. ტილოზე მისი სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა.

ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის საოცრებათა საოცრება. ეს არის პირველი ხატი დედამიწის ზურგზე, მაცხოვრის პირველი ხატი. ამიტომაც ჰქვია მას ,,პირი ღვთისა.”

წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი:

,,ქაშუეთის ტაძარში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი დასავლეთის მხარეს იყო დაბრძანებული.

მოგეხსენებათ, აქ ბევრი სანთელი ინთება და, აქედან გამომდინარე, შეფერილი, დამტვერილია ხოლმე კედელი. ამ ადგილზე შევნიშნეთ სიცარიელე, სითეთრე, თვითონ ხატი კი არ ჩანდა. რა თქმა უნდა, დავუწყეთ ძებნა. როდესაც მივაგენით, მის ქვემოთ დაბრძანებულ, აღდგომის ხატის გამოსახულების უკან იყო ჩაცურებული.

ამოვაბრძანეთ და გვინდოდა, უკან დაგვებრუნებინა, მაგრამ შევამჩნიეთ, რომ ხატი თავისი შუქ – ჩრდილებით იყო მინაზე გადასული.


შესაძლოა ვიფიქროთ, ხატი მინაზე შეხების შედეგად გადავიდა, მაგრამ აქ არავითარი შეხება ხატსა და მინას შორის არ ყოფილა. ასევე, არანაირი მზის სხივი იქ არ ხვდება, რომ მზის სხივის მოქმედებაზე ვივარაუდოთ.

ეს გახლავთ სასწაულებრივი გადასვლა მაცხოვრის ხატისა.

ხატს სხვა მინა გავუკეთეთ და ისევ თავის ადგილზე დავაბრუნეთ, ხოლო მინაზე გადასული ხატება ცალკე არის დაბრძანებული.

ყველას შეუძლია, რომ მოვიდეს ქაშუეთის ტაძარში და ნახოს სასწაულებრივად მინაზე გადასული ხატი.

ჩემი შეხედულება ამ ყოველივესთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ ღმერთი არსებობს და იარსებებს, მაგრამ თვითონ ადამიანი როგორ ამჩნევს უფლის მყოფობას თავის ცხოვრებაში, ეს უკვე იმ პიროვნების მდგომარეობიდან არის გამომდინარე და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაძლიერებულია იგი სულიერებაში.

შესაძლოა ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მაინცდამაინც სასწაული უნდა იხილოს, რომ მორწმუნე გახდეს. მაგრამ სასწაული არ არის მთელი ჩვენი ცხოვრება? ამჩნევს თუ არა ადამიანი ამ ყველაფერს, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, თუ რა განათლება აქვს მას მიღებული.

არის ასეთი გამოთქმა: “ერი უსწავლელი ეძებს სასწაულსა”.

არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმ კუთხით, რომ აუცილებლად სასწაული უნდა ვიხილოთ, რათა მორწმუნე გავხდეთ. თუ ვერ გავხდით სასწაულის ხილვის ღირსი, გამოდის, არასდროს უნდა ვირწმუნოთ? – ამგვარი დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პირიქით, ადამიანი თუ ჩაიხედავს საკუთარ ცხოვრებაში, ნათლად დაინახავს, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება აღსავსეა სასწაულებით.

ზოგადად, ადამიანი სულიერებაში ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა უახლოვდებოდეს უფალს
სულიერი შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ადამიანი უნდა იყოს ეკლესიური, პირველ რიგში, ყავდეს მოძღვარი, რომელიც დაარიგებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს. მოძღვართან არა მარტო ცოდვებზე უნდა ვისაუბროთ, არამედ იმაზეც, თუ რა შეგვიძლია, ან არ შეგვიძლია.

მოძღვარი გაითვალისწინებს ადამიანის სულიერ, ფიზიკურ შესაძლებლობებს და იქიდან გამომდინარე მისცემს კურთხევას, თუ რა უნდა შეასრულოს მან, რომ ღვთის სათნო საქმეებით იცხოვროს და ცათა სასუფევლისკენ სავალ გზაზე იაროს.”

loading...


vivus.ge
6561
13-07-2015, 18:57

კომენტარის დამატება