”არ მინდოდა მოდელობა, მაგრამ მამის ხათრით დავიწყე” - მამა პეტრე კვარაცხელიას ქალიშვილის ინტერვიუ სკანდალური ფოტოების გავრცელების შემდეგ

loading...
image
რამდენიმე დღის წინ მამა პეტრე კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში, მისი 13 წლის ქალიშვილის მდინარეზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სასულიერო პირის ქალიშვილი მარი კვარაცხელია მოდელია, რის გამოც ის მკაცრად გააკრიტიკეს.

- მარი, როდის დაიწყეთ მოდელობა?

- დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე მოდელობა ია კიწმარიშვილთან, მაგრამ არ მომეწონა ეს საქმე, რაღაც პრობლემები შემექმნა და გამოვედი. მე არ მინდოდა მოდელობა, მაგრამ მამის ხათრით დავიწყე, მამა მიიჩნევს, რომ მოდელის მონაცემები მაქვს.

- ელოდით, რომ საზოგადოების მხრიდან ასეთი ნეგატიური შეფასებები მოჰყვებოდა თქვენს მოდელობას?

- ველოდი ასეთ რეაქციებს. მამამ რაც არ უნდა დაწეროს, ყველაფერზე დიდი ამბავია. ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მოკლე სამოსი მაცვია ვიდრე ამ ფოტოებზე. მამას კრიტიკას უკვე მივეჩვიე. თავიდანვე ასე იყო მის გარშემო. მე მომწონს რასაც აკეთებს მამა, ყველას ვერ მოეწონები.

- რას გიკრძალავს მამა?

- მამაჩემს აკრძალვები არ აქვს. ის აცნობიერებს ვისი შვილიც არ უნდა ვიყო, ცალკე პიროვნება ვარ და არაფერს მიკრძალავს. უბრალოდ რაღაც თუ არ მოეწონა მიხსნის, რა არის კარგი და რა არა.

- საცურაო კოსტიუმით თუ მოგიწევს პოდიუმზე გასვლა არ აგიკრძალავს?

- ჯერ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. თუ მომიწევს პირველ რიგში მამას ვკითხავ. მე და მამა მეგობრები ვართ. რა რჩევებსაც აძლევს ყველა მამა თავის შვილს, იგივეს მირჩევს მეც. მირჩევს არ ვიყო მატყუარა, შურიანი, ბოღმიანი, წავიკითხო ბევრი წიგნი და ა.შ. არ არის მკაცრი მამა, ან ჩემთან არ სჭირდება სიმკაცრე. მოდელობას განსაკუთრებული ადგილი არ აქვს ჩემს ცხოვრებაში. როცა დაიწყებდნენ ჩემს მოდელობაზე საუბარს, უხერხულობას მიქმნიდა და გვერდზე გავდიოდი. ახლა კი ვფიქრობ გავყვე ამ საქმეს. ამის გარდა მაინტერესებს მუსიკა, წერა, კითხვა და ა.შ. სამწუხაროდ მუსიკის ნიჭი არ მაქვს. ვგიჟდები ირაკლი ჩარკვიანზე, ერეკლე დეისაძეზე. ხშირად ვუსმენ ერეკლეს. ძალიან კარგი ადამიანია. მართალია, რაღაც დოზით უწმაწური სიტყვებიც არის მის შემოქმედებაში, მაგრამ უწმაწური სიტყვები ზოგჯერ საჭიროა, მთავარია სიმართლეს ამბობს. ერეკლე მამასთანაც მეგობრობს, ადრე ერთად ისვენებდნენ. შესაძლოა ერეკლეს წიგნის წინასიტყვაობა მამამ გააკეთოს.

- მამის კრიტიკაზე როგორი რეაქცია გაქვს?

- მთლიანობაში მწყდება გული, რომ ხალხი არასწორად იღებს მამას ნაბიჯს. ძალიან ბევრი ვიცინე, როცა დაწერეს კაცმა წვერებით უნდა გითრიოსო, მამას წვერები არ აქვს.

- ბევრი მღვდელი მოდელობის წინააღმდეგია, რის გამოც მოზარდები აღარც ტაძარში დადიან და მოდელობაზეც უარს ამბობენ...

- არ მესმის მღვდლების რომლებიც რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებენ და არჩევანის წინაშე აყენებენ ადამიანს. საბოლოოდ არც კარიერას იკეთებს ადამიანი და ღმერთთანაც აღარ მიუწევთ გული. ღმერთი ადამიანი რომ იყოს, შემწყნარებლური და მეგობრული იქნებოდა.

- რამდენი წლის იყავით როცა მამამ მღვდლად აკურთხეს?

- მგონი, მესამე კლასში ვიყავი. მანამდე სტიქაროანი იყო. თავიდან მკაცრი მამაო იყო, შარვალსაც არ მაცმევდა. ახლა ეტყობა განვითარდა, ადამიანი რომელიც არ პროგრესირებს არ შეიძლება იყოს ადამიანი. მამამ კი ეს მოახერხა.

- ხალხის რეაქცია შენს ფოტოებზე, მამამ ინტელექტის ნაკლებობად შეაფასა, თავადაც ასე თვლი?

- რაღაც მხრივ გაუნათლებლობის პრობლემაა, ხალხს ჰგონია რომ მამაო გაუნათლებელი და წვერიანი უნდა იყოს. ხანდახან მაგრძნობინებენ პასუხისმგებლობას, რადგან მამა მოძღვარია, თუნდაც ჩაცმულობაში, კონცერტებზე. მომწონს მოკლე კაბები, პირსინგები, ფერადად შეღებილი თმები და ა.შ. ხალხი კი მეუბნება ეს როგორ შეიძლება, მამის შემარცხვენელი ხარო. მამას რეაქცია არ აქვს ამაზე.

- გაქვს პირსინგები?

- ერთი ტატუ მაქვს. მამა დამპირდა, წარმატებებს რომ მიაღწევ, წლის ბოლოს ერთ პირსინგს გაგაკეთებინებო.

იხილეთ ფოტოები რომელსაც სკანდალი მოჰყვა

loading...


vivus.ge
1971
21-08-2015, 23:03

კომენტარის დამატება